აგიდელა-ახალგაზრდა პროფესიონალი მეღვინის ლაშა ჭკუასელის საოჯახო, მცირე მეღვინეობაა რომელსაც მეუღლესთან ერთად ელი ცისკარიშვილთან, ქართლის რეგიონში უძღვება. მეღვინეობა აგიდელა დაარსდა 2020 წელს, მათ მიატოვეს თბილისის რუტინული ცხოვრება და სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად. ლაშას გერმანიასა და ახალ ზელანდიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა, აგიდელას ღვინის სტილის ჩამოყალიბებაში. აგიდელა მუშაობს ისეთ ჯიშებზე როგორიცაა: გორული მწვანე, თავკვერი, ჩინური, სოვინიონ ბლანი, შარდონე, მუსკატი, პინო ბლანი, უნი ბლანი. მეღვინეობა თანამშრომლობს კონტრაქტორ მევენახეებთან, რაც ვენახში საჭირო ყველანაირ ოპერაციაში ჩართვას და ხარისხზე ორიენტირებას გულისხმობს.ღვინის საკუთარი ლაბორატორიის ქონა მეღვინეობას საშუალებას აძლევს ღვინის სხვადასხვა პარამეტრები თავადვე შეამოწმოს. 2020 წლიდან აგიდელამ ეტაპობრივად გაზარდა წარმოება და დღეს უკვე დაახლოებით 12,000 ბოთლს აწარმოებს წლიურად. წარმოების მეტი წილი უკავია ქართლის ერთ-ერთ გამორჩეულ ჯიშს, გორულ მწვანეს, რომლისგანაც იწარმოება ციტრუსების, ტროპიკული ხილის არომატებითა და გემოთი მდიდარი, მაღალმჟავიანი, გამორჩეული კლასიკური ღვინო. ეს ღვინო იქცა აგიდელას სავიზიტო ბარათად.